ორი კაციც და გავდივართ (Memory Collector)
რამდენია საჭირო ბედნიერებისთვის? 1000? 10000? 100000? 1000000…? მეც და ჩემი მეგობარი ინა უმუშევრები ვართ, მეძებარი ძაღლებივით დავეძებთ სამსახურს, მაგრამ არაფერი, შემდეგ ვსხედვართ ან სოციალურ ქსელში ერთმანეთს/სხვებს ვეწუწუნებით: როგორ გავიხალისოთ ცხოვრება? როგორი ცუდია უმუშევრობა და მართლაც ასეა, უსაქმურად და შემოსავლის გარეშე ყოფნა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია ცხოვრებაში, არა სურვილებს! არა თავისუფლებას! არა მოთხოვნებს! შემდეგ კი თითქოს რაღაც განათდა გონებაში და გადავწყვიტეთ ასეთ ავანტიურაზე წავსულიყავით: აჭარა ავტოსტოპით დაგველაშქრა.
ამბავი კი ასე დაიწყო: ყველაზე რთული მთელი ამ ტურის განმავლობაში დიდი დიღმიდან – თბილისი მოლის ტერიტორიამდე მისვლა იყო, სადაც დათქმული გვქონდა შეხვედრა, არაფერი! არანაირი ტრანსპორტი ქვეყნის თავზე დილის 9 საათზე არ მიდიოდა(?!) ამიტომ ტაქსი გავაჩერე, რამოდენიმე უარის შემდეგ ერთ-ერთი დამეთანხმა 2 ლარად გავეყვანე. შემდეგ მე და ინა შევხვდით ერთმანეთს და 5 წუთიც არ დაგვჭირვებია, სუბარუ ფორესტერი გავაჩერეთ, მძღოლი ძალიან კეთილი, განათლებული და კარგი მოსაუბრე აღმჩნდა, – მან გორამდე გაგვიყვანა, ცხელი ყავითაც გაგვიმასპინძლდა. მისმა ენერგიამ და საუბარმა ძალიან დადებითად დაგვმუხტა, აი, ხომ არსებობენ ადამიანები, მათი საქციელი, ან თუნდაც ერთი სიტყვა სრულიად რომ გადაატრიალებს აზროვნებას (დადებითად), სწორედ ასეთი მოსაუბრე იყო ჩვენი მძღოლი.
მეორე მძღოლი იუბილარი, გურულიებისთვის დამახასიათებელი იუმორით და საინტერესო ამბებით, რომლისთვისაც დედამიწა მისი სოფლის გარშემო ტრიალებს, ნაყინზე შეყვარებული, რადგან კარგი მოგონებები აკავშირებს მასთან, სოფელს და მომლოდინე მეგობრებს ჩაუარა, ჩვენ ქობულეთამდე მიგვიყვანა, გზის გაგრძელება მეტად ადვილი რომ ყოფილიყო ჩვენთვის.
ქობულეთში, სანაპიროზე გასეირნების და წახემსების შემდეგ კვლავ გზაზე გამოვედით, ამჯერად ორ მეზღვაურს დავემგზავრეთ, გულზე გასახეთქი მოგზაურობის ამბებით :))) და აჭარული ხაჭაპურის თანხლებით, მათვე მიგვიყვანეს დანიშნულების ადგილას – კვარიათში, სადაც Camp.ge-ს მოლაშქრენი დაგვხვდნენ და მათთან საღამომდე დავყავით დრო, ფანტასტიკური დრო!! შემდეგ, ახალ მეგობრებთან ბათუმის ერთ-ერთ კლუბში, მართალია არასეზონური “ივენთი” იყო, მაგრამ მშვენივრად გავერთეთ.
კვარიათში მეორედ, 3:30 საათზე, კოკისპირულ წვიმაში დაბრუნებულებს სასტუმროში ყველა მიძინებული დაგვხვდა, ამიტმ მე და ინამ დატოვებული კარავი და ზურგჩანთები “ქურდულად” გამოვაცუნცულეთ და წინასწარ მოძიებულ ადგილისკენ გავემართეთ, თან ძილი და სიზარმაცე თავს გვიმძიმებდა, მაგრამ კარავი მაინც გავშალეთ, ამ მხრივაც გაგვიმართლა, სასტუმროს უკან, ფერდობზე, მიტოვებული ქოხი ვნახეთ, რისგანაც მხოლოდ სახურავი იყო დარჩენილი, მის ქვეშ კარავი გავშალეთ და ქარს, წვიმას და სიცივეს სავსებით არ შევუწუხებივართ.
დილა იყო მშვენიერი, ზღვის ხედით, წვიმამ დაგვაცადა კარავი დაგვეშალა და მოლაშქრეებთან სასტუმრომდე ჩავსულიყავით, იქიდან 12 საათზე გამოვედით, ცოტა ხანი წვიმიან სანაპიროზე ვიარეთ და უკან დასაბრუნებლად გზაზე გამოვედით. კვარიათის გზატკეცილი არც ისე დატვირთული აღმოჩნდა და ბათუმამდე ჩამოსვლა შედარებით გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც აღმოჩნდა კეთილი ადამიანი და მანქანა გაგვიჩერა.
ბათუმში ფოტოები გადავიღეთ, მაკდონალდსის ყავით გავთბით, ბულვარზე და ქალაქის ქუჩებში ვიხეტიალეთ და ხეტიალით ქალაქის ბოლოსკენ გავედით, იქიდან ორი მანქანა ქობულეთამდე დაგვჭირდა, შემდეგ ერთი რომ გზატკეცილამდე მივეყვანეთ და სატვირთო მანქანით ახალ ავტობანზე, ქუთაისთან ახლოს ჩამოვედით, მძღოლი იმერელი, რამოდენიმე ღამის უძილო, თურქეთიდან მოდიოდა, სახსოვრად თურქული მონეტები და ხელის ლოსიონი ისე გვაჩუქა წამითაც არ დაფიქრებულა, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა სიტუაცია იყო, როდესაც გზიდან გადასული, მეორე სატვირთო მანქანის, ბუქსირით ამოყვანა სთხოვეს, იგი დარწმუნებული არ იყო, რომ ისედაც დატვირთული მანქანა მოერეოდა დამატებით ტვირთს, მაგრამ შეძლო და ამ ფაქტით გახარებულმა იმერული დიალექტით თქვა: “შეხე რა ქნა ამ პატარა მუხლუხომ?!” ეს სიტყვები 10 მეტრიან სატვირთო მანქანაზე, იმდენად დიდი კმაყოფილებით, სიყვარულთ და სიამაყით იყო ნათქვამი, რომ მთელი გზა თავში მიტრიალებდა.
მას შემდეგ რაც სატვირთო მანქანიდან ავტობანზე “ჩამოვღოღდით” დაგვიდგა ყველაზე რთული ხანა მთელ მოგზაურობაში, თუ წვიმას არ ჩავთვლით. ავტობანი იყო სრულიად უკაცრიელი, იმის გამო, რომ ავტობანი ახალი გახსნილია, ბევრს არ სცოდნია მის შესახებ, ამიტომ თამამად დავრბოდით, დავხტოდით, ვვარჯიშობდით (გასათბობად) შუა ავტობანზე, მაგრამ აქაც არ დავრჩით და თბილისამდე (ხაჭაპურული შესვენებით) “შხუილით” ჩამოვედით. უზომოდ დაღლილები, მაგრამ უზომოდ ბედბიერები და ემოციურები.
ამხელა პოსტით იმის თქმა მინდოდა, რომ ბედნიერებისთვის სულაც არაა ბევრი საჭირო! არა, სამსახურს, რასაკვირველია, კვლავ ვეძებ, მაგრამ სულ რაღაც 11 ლარად და 20 თეთრად (ორ ადამიანზე) უსაზღვრო მუხტი მივიღეთ. ვისურვებ, რომ ყველას ჰქონდეს თავისი წილი ბედნიერება! მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც გაგვიღიმა, დაგვაპურა და კეთილი თვალით შემოგვხედა.