Dare to Live Your Dreams

Dare to Live Your Dreams

DSC_2673სულ მალე კიდევ ერთი წელი მემატება, ვერ ვიტყვი, რომ დაბადების დღე არ მიყვარს, ჩემი ასაკი ჩემი ქცევების, განწყობის განმსაზღვრელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ არის ხოლმე რაღაც ნიუანსები, რომლებიც მშვიდ საღამოს ჭიქა ყავით ხელში წამომეწევა ან ფილმის ყურებისას მომისკუპდება ან თუნდაც მუსიკის მოსმენისას. არის პრიორიტეტები რაც მოკლე პერიოდში იჩენენ თავს და მალევე გავიწყდება, არის გატაცებები რომლებიც მთელი ცხოვრება თან გსდევს და თუ ვერ/არ ასრულებ გტანჯავენ და შიგნიდან გფიტავენ, არ მგონია ამ ქვეყანაზე ერთადერთი დავდიოდე და ვებრძოდე ამ გრძნობებს, რომელთანაც გამკლავება შეუძლებელია თუ მარტო შეეჭიდე, ალბათ თავადაც განგიცდია ასეთი რამ. გამიმართლა, რომ ჩემს ცხოვრებაში შევხვდი და ვხვდები ადამიანებს რომლებთანაც ლაპარაკი მცლის და მაბედნიერებს, თუნდაც ერთი შემოხედვით, ერთი ღიმილით, ერთი ჩახუტებით. ასეთი ადამიანები არსებობენ, რომლებიც მხოლოდ ერთ წუთს დაგითმობენ ან მთელ ცხოვრებას, მაგრამ იმ დროს არიან როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება.

მომავალში? რას ვაპირებ მომავალში?! ვერ დავიკვეხნი თვისებით, რომ ქაოუტრი და (ზედმეტად) ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ მაქვს ოცნებები რომლისკენაც მინდა მივმართო ჩემი გზა, თუმცა ხანდახან, ჩემი წარმოსახვის და მეოცნებეიბის უნარის მიუხედავად, ვუძლურდები და ფარ-ხმალის დაყრის ზღვარზე ვარ, მაინც მრჩება იმედი და სურვილი ოცნებები შევისრულო. ასე რომ ჩემს გლობალურ ოცნებებს წერილობით ფორმას მივცემ, რომ ყოველთვის მახსოვდეს და მიბიძგებდეს მივდიოდე მათკენ:

  • მოგზაურობა! ბევრი მოგზაურობა! სახლში-გარეთ, ეზოში, უბანში, ქალაქგარეთ, 5* სასტუმროში თუ კარვით, ავტოსტოპით თუ ვერტმფრენით, მოტოციკლით, მანქანით, ურმით, მთაზე ავცოცდე თუ ზღვაში გადავეშვა თავით (ცურვა არ ვიცი) – არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ბევრი ახალი რამ ვნახო, ბევრ ადამიანს შევხვდე, გავუღიმო, გამიღიმოს, ვესაუბრო, მისი სიბრძნე მოვისმინო.
  • მანქანა – ყიდვის დღიდან -დღემდე ჩემი საყვარელი საფიქრალი გახდა. არც ბავშვობაში ვყოფილვარ გულგრილი მანქანების მიმართ, თუმცა ერთი სანანებელი მაქვს: ცოტა გვიან დავიწყე მათი მართვა, ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ და მიზიდავს მათი ფორმები, ხმა, განწყობა და ძალიან მინდა მათზე მეტი რამ ვიცოდე. ძალიან მინდა ჩემი მანქანა შევაკეთო, ამით გადავუხადო მადლობა, რომ ამდენი ხანი ჩემს გვერდითაა.
  • ჩემს ოჯახის წევრებს და მეგობრებს მეტი ყურადღება გამოვუყო, ძალიან კარგად მესმის როგორი ვარ, თითქოს ყველას და ყველაფერს ვივიწყებ, მაგრამ ეს ძალიან მტანჯავს ხოლმე… ძალიან რთულია ამის ახსნა, მაგრამ მადლობელი ვარ ჩემი გაძლებისთვის და იმ სიყვარულისთვის რასაც მიგზავნიან იქიდან სადაც არიან, როგორც არიან.
  • ოომ… ამას დედა თუ წაიკითხავს გაბრაზებულ სტიკერებს დამიწერს <3 ან მეტყვის “აღარაფერი დაიჯღაბნო, თორემ გაგებუტები”, ან ჩემი და, ის ნამდვილად მომწერს… აი ეხლა… ორი წუთიც და მომწერს… ძალიან მინდა კიდევ ერთი სვირინგი შევმატო ჩემს თავს, ხანდახან ისეთი სურვილი იღვიძებს ჩემში დაყარე ყველაფერიდ და წადი. რატომღაც მგონია, სვირინგი ძალიან კარგად გადმოსცემს ჩემს არსს, ჩემს შინაგან განცდას თუ ბედნიერებას. არც ერთი წამით არ დამნანებია ჩემი არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი მათი გაკეთებით, თუმცა მთლიანი სხეულის მოხატვა არ მაქვს გეგმა-სურვილად მაგრამ ერთ ლამაზ რამეზე უარს არ ვიტყოდი.

DSC_2647… ადამიანები, მოგზაურობა, მანქანები, სვირინგები, თეატრი, ბლოგი, სამსახური, სამოსი და ათასი რამ რაც მე ბედნიერს გამხდის, არ ვიცი როგორ შევისრულო ეს ყველაფერი, მაგრამ იმედია აუცილებლად იქნება.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *